ანგლო–ამერიკული ლიტერატურა

უკვე მეორე წელია, რაც მე–19 და მე–20 საუკუნეების ანგლო–ამერიკულ ლიტერატურაში სასემინარო ჯგუფები მყავს ჩვენი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მინდა გითხრათ, რომ ერთი დიდი სიამოვნებაა სტუდენტების მიერ წაკითხული სხვადასხვა ნაწარმოებების განხილვის მოსმენა. ზოგადად, ამ კურსის მიზანი ის გახლავთ, რომ სტუდენტებმა უნდა შეისწავლონ ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის წამყვანი მიმდინარეობები, მათი წარმომადგენლები, კერძოდ, ცვლილებები რეალისტურ მიმდინარეობაში, საკვანძო მომენტები პოსტმოდერნიზმში და ავანგარდიზმში, II მსოფლიოს ომის გავლენა, გაუცხოება, სულიერი კრიზისი და ა.შ. სტუდენტებმა მთელი მეორე სემესტრის მანძილზე მშვენივრად შეძლეს ამ მასალის დამუშავება და განხილვა–გაანალიზება კრიტიკულ დონეზე. ჩვენ ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ კვირაში 1 საათი გვქონდა და ეს მცირე დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამართულად და არგუმენტირებულად გვემსჯელა ნებისმიერი მწერლის შემოქმედების ირგვლივ. შედეგად, ჩვენ ლოგიკური დასკვნები გამოგვქონდა უკვე მიღებული ცოდნის საფუძველზე.
ალბათ დაგაინტერესებთ რა გავიარეთ და ვინ შევაფასეთ. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე–20 საუკუნის მეორე ნახევრის მწერლები ღრმად საინტერესო შემოქმედებით წარდგნენ ჩვენს წინაშე. მაშ ასე, ჯგუფურ მუშაობაში ჩართული იყვნენ შემდეგი მწერლები:
1. გრემ გრინის შემოქმედება ,,წყნარი ამერიკელი”
2. ჯონ ფაულზის შემოქმედება, სადაც ძირითადი კონცენტრაცია პიროვნების და ხელოვნების ურთიერთდამოკიდებულებაზე იყო. მისი შემოქმედებიდან აღებული გვაქვს ქართველო მკითხველისთვის ნაკლებად ცნობადი მოთხრობა ,,აბანოზის კოშკი”. გირჩევთ მის წაკითხვას 🙂
3.უილიამ გოლდინგი და მისი ,,საგანგებო ელჩი”.
4. ჯორჯ ორუელი და პოლიტიკური რომანი. მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებს წარმოეჩინათ საზოგადოების სამართლებრივი და სოციალური მოწყობის პრობლემა. ამისთვის სავალდებულო საკითხავი გახლდათ ,,ცხოველების ფერმა” და ,,1984″. სხვაგვარად გვერდს ვერ ავუვლიდით მათ.
5. ენტონი ბერჯესი შემოქმედება, მასშ ასახული ძალადობა, სკეპსისი. დისტოპიური რომანი. ,,მექანიკური ფორთოხალი”, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებში და არაერთგვაროვანი ემოციაც გამოიწვია.
6. ჯონ სტაინბეკი და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი: ,,ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” და ,,დიდი გეტსბი”. ამ უკანასკნელმა დიდი პოლემიკა გამოიწვია 🙂 ზოგი მოიხიბლა გეტსბით, ზოგმა გააკრიტიკა, ზოგმაც კიდევ გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა.
7. თორნთონ უაილდერის პროზა და დრამატურგია, ,,ჩვენი პატარა ქალაქი”.
8. ბიტნიკების თაობა, საზოგადოების ტრადიციული ნორმებიდან განდგომა და იმედგაცრუების შეგრძნება – ესენია ამ თაობის ძირითადი პრობლემები, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ერთ–ერთი სულის ჩამდგმელი ალან გინზბერგია. ჩვენ წავიკითხეთ მისი ,,ყმუილი”, რომელიც ერთგვარი გამოძახილია იმისა, რომ დროა საზოგადოება გამოფხიზლდეს. სხვათაშორის, ალან გინზბერგი განსხვავებული ორიენტაციის მქონე მწერალია, რომელიც ცდილობდა დაეცვა იგივე ხალხი. ძალიან ბევრი ვიკამათეთ ,,ყმუილი”–ს იგვლივ, სტუდენტები გაცხარდნენ, სიბრაზესაც კი ვერ მალავდნენ 🙂
მოკლედ, ბატონმა გინზბერგმა მოახერხა სკანდალის გამოწვევა 🙂
9. ჯერომ სელინჯერი და ჯონ აპდაიკი. სელინჯერის შემოქმედება საკმაოდ მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მოუწიათ მისი შემოქმედების ნაწილობრივ გაცნობა, როგორიცაა ,,ჭერი ასწიეთ დურგლებო”, ,,ფრენი და ზუი” და ,,ბანანათევზის ამინდი”. აპდაიკთან შემოვიტანეთ ბაჭიას ციკლის რომანები “Tomorrow and tomorrow”..
10. არტურ მილერი და ამერიკული დრამატურგია. ,,ამერიკული ოცნების” მსხვრევა და სოციალური უსამართლობის თემა, რისი ნათელი მაგალითია ,,კომივოიაჟორის სიკვდილი”.
11. ტენესი უილიამსის მარტოსული გმირი, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი, მითოლოგიის და ალუზიის როლი მის პიესებში. ამ მხრივ განსაკუთრებულია ,,შუშის სამხეცე”.
ეს არის ის ჩამონათვალი, რაზეც სემესტრის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და გამორჩეული მწერლების რიცხვია, რომლებიც არამარტო სტუდენტებმა სავალდებულო კუთხით, არამედ ქართველმა მკითხველმა უნდა წაიკითხოს. თუმცა, ამ ჩამონათვალში ბევრია ისინი, ვინც ქართულად მრავალჯერ ითარგმნა და ისეთებიც, რომელთა თარგმანი ჯერ არ გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას სიამოვნებით კითხულობს ხოლმე ჩვენი საზოგადოება.
სემესტრის ბოლოს სტუდენტებმა მათთვის სასურველ თემებზე რეფერატები წარმოადგინეს და შეფასებებიც მიიღეს. სხვათაშორის, ეს ის თაობაა, რომლებსაც კითხვა ძალიან უყვართ და ეს ერთი ჩემი უსაყვარლესი პედაგოგის თამარ სირაძის დიდი დამსახურებაა. უკვე მრავალი წელია, ის თაობებს ზრდის და სიყვარულს უნერგავს ლიტერატურის, ზოგადად კითხვის მიმართ. შეუძლებელია, არსებობდეს ისეთი სტუდენტი, ვინც არ კითხულობს ან ვინც არ ესწრება თამარის ლექციებს. მან ძალიან დიდ საქმეს უანგაროდ ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დღემდე სიყვარულით სრულდება..
კითხვაზე ლევან ბერძენიშვილი მახსენდება ხოლმე და თუ რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები, აუცილებლად წაიკითხეთ მისი ,,წიგნიერების ევოლუცია”..

2 Comments Add yours

  1. ილონა says:

    როცა ამას ვკითხულობდი, მეგონა ჩემს სემინარებზე საუბრობდით..

    1. annitahallo says:

      ეს ის სემინარებია, რომლებიც მიყვარს.. მადლობა, რომ წაიკითხეთ ჩემი პოსტი 🙂

Leave a comment