ამსტერდამი – წითელი ლამპიონების ქალაქი

Canal. Amsterdam. Netherlandმოგზაურობა რომ ძალიან მიყვარს, ეს არ არის ახალი ამბავი. ბევრის შესახებ დამიწერია, ბევრიც კი დამრჩა ,,კულისებს მიღმა”. ასეთი შარშანდელი ბარსელონა გახლდათ, რომელიც ჩემი ფავორიტი ქალაქების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს..თუმცა მის შესახებ მაშინ დავწერ, როცა კიდევ ვეწვევი და მეტი სიამოვნების განცდას მივიღებ.
ახლა კი მოგიყვებით ბოლოდროინდელ ვოიაჟზე. უკვე რამოდენიმე წელია მე და ჩემმა მეუღლემ ტრადიციად ვაქციეთ აპრილში ევროპაში მოგზაურობა და წელსაც მეგობარ ცოლ–ქმართან ერთად ამსტერდამი დავგეგმეთ. ჯერ იყო და მთელი 2 თვე სამზადისი გვქონდა, მერე მოლოდინის რეჟიმში სიას ვადგენდით რა უნდა გვენახა. ამინდებს წინასწარ ვამოწმებდით, მაგრამ ვხედავდით, რომ ამ მხრივ არ გაგვიმართლებდა და მართლაც, ჰოლანდიური სუსხით შეგვხვდა ამსტერდამი. მაგრამ თუ გული გულობს, ამინდი რას დაგვაკლებდა, ჰოდა, პირველმა გასვლამ ე.წ. Dam Square–ზე, ურიცხვმა მომღიმარმა ტურისტმა და ჰაერში გაჟღენთილმა არომატმა ბუნებრივი ხალისი მოგვგვარა.
12.
ქუჩაში მოსიარულეებს ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, აი სილამაზე რომ ენას ამოიდგამს, სრულად გაიშლება შენს თვალწინ მხრებში და სივრცეში გადაგკარგავს. ნუ, ამსტერდამია 🙂

სასტუმრო ყველაზე ფეშენებელური და ცნობილი მაღაზიების ქუჩაზე აღმოჩნდა. იქ შესვლა კიდევ ერთი დიდი სიამოვნება, მით უფრო ჩვენთვის – გოგოებისთვის 🙂 მათ დანახვაზე მე და ჩემი მეგობარი ბუმბულივით მჩატე და მქროლავნი შევდი–გამოვდიოდით თითოეულიდან 🙂 ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩვენი კუწიურული ამბების დეტალები, მოკლედ მოგიყვებით ამსტერდამის ღირსშესანიშნაობებზე. პირველივე დღე hop-on hop-off ავტობუსით გასეირნება მოვიწყვეთ და ქალაქი მიმოვათვალიერეთ. მოვინახულეთ Rijcksmuseum, ანა ფრანკის, ვან გოგის და მადამ ტიუსოს მუზეუმები, წითელი ლამპიონების უბანი და გულწრფელი რომ ვიყო კანაფის მაღაზიებიც. გულგრილად ვერც პროსტიტუციის მუზეუმს ვერ ჩავუარეთ. მდინარე ამსტელზეც შევცურეთ პატარა ტურისტული გემით და სასიამოვნო მდუმარებაში შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით გაქვავებულნი დავათვალიერეთ ქალაქი.
98_bigსასწაული ქალაქია – თავისუფლების და განსხვავებულობის. მარტო ფერადი ველოსიპედები და კიუკენჰოფის ტიტების სამოთხე – ქალაქის სახე–სიმბოლოა, რომლებიც ყველაზე უემოციო და გულგრილ ადამიანს ენას ამოადგმევინებს 🙂 განუმეორებელია, რადგან თავისებური არქიტექტურული სტილი აქვს, ულამაზესია, რადგან მთელ გაზაფხულს ჭრელა–ჭრულა ტიტები ამშვენებს, სახასიათოა, იმიტომ, რომ წყალზე გამსვლელი ხიდები და მოცურავე სახლებია; ვენეციას მაგონებს.
2.-titebi 9.red-light
ჩასვლამდე ორი დღით ადრე მეფის ეროვნულ დღესასწაულს ზეიმობდა ამსტერდამელები. ქალაქი ნარინჯისფერ ბურუსში ტრიალებდა..
ოცნებებში ჩაძირული ადამიანი ვარ, ზოგჯერ წამით ვწყდები რეალობას და ამ ვეებერთელა სამყაროს თავზე ღრუბლებში დავფრინავ. ყველაფრის ნახვა მინდა მოვასწრო, მძაფრად შევიგრძნო და ასე მივიღო ცხოვრება ბოლომდე.
ბოლო შეისეირნება კაფე Bulldog–ი იყო; კექსი დავაგემოვნეთ და აწეწილ, ფერად, სასაცილო ილუზიებშიც გადავეშვით, მაგრამ არც ამის გარეშე შეიძლებოდა ამ ქალაქის მოლიცლიცე ჰორიზონტის დანახვა. ქართველებიც სასიამოვნოდ მიგვიღეს და ასე ღიმილ–ღიმილით დავბრუნდით უკან ოთხი მეგობარი საკუთარ ქვეყანაში.. მას მერე მოგონებებში ფუნჯს ვაწობთ..

გაგრძელება იქნება 🙂

 

Advertisements

ევას სამი ქალიშვილი, ე. შაფაქი

ამ არაჩვეულებრივი თურქი მწერლის წიგნი, რაც პირველად წავიკითხე, ,,სიყვარულის ორმოცი წესი” იყო და იგი მაშინვე მოხვდა ჩემი ფავორიტი წიგნების სიაში. შემდეგ იყო ,,სტამბოლელი ნაბიჭვარი”, ,,ღირსება” და ბოლოს ახალგამოცემული ,,ევას სამი ქალიშვილი”. თითოეული რომანი თავისებურად საინტერესო და მრავლის მთქმელია. მწერალი ყოველ მათგანში საუბრობს მსოფლიოს თანამედროვე პრობლემებზე: სიყვარულზე, რელიგიაზე, ფემინიზმზე, ემიგრაციაზე.. და ამ საკითხებს აჟღერებს ისეთი მიმზიდველობით, რომ მათ კიდევ უფრო დამაფიქრებელს და ყურადღებამისაქცევს ხდის.
რომანის მთავარი გმირი სტამბოლელი ახალგაზრდა ქალი პერია, რომელიც ოქსფორდში სწავლობდა. ის იმ ოჯახში გაიზარდა, სადაც ორი განსხვავებული სამყარო – დედის და მამის სამყარო არსებობდა. დედა ღრმად მორწმუნე მუსლიმი, მამა კი ჭეშმარიტი, თანამედროვე სკეპტიკოსი, რომელსაც პერი ამ არეული მსოფლიოს გადამრჩენელად ეიმედებოდა. პერის მიზანი ცხოვრებაში ღმერთის და საკუთარი თავის ძიება–აღმოჩენაა. სწორედ ამიტომ იმ ირჩევს ღმერთის საგანს პროფესურ აზურთან, რომელიც შემდგომ უყვარდება.. პერის სახე და მისი თავგადასავალი მსოფლიოს ორ სხვადასხვა კუთხეში საკმაოდ ახლოსაა ბევრ ჩვენგანთან, როცა უეცრად აღმოვჩდნებით ხოლმე ჩვენთვის სრულიად უცხო გარემოში..b0b2d75e9e164053a8f1611e8a6540d3

რომანის სათაურს სიმბოლური მნიშვნელობა
აქვს – ევას სამი ქალიშვილი: პერი, შირინი და მონა. ისინი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, რომლებსაც თან აქვთ საერთო და თან არ აქვთ. სამივე მუსლიმი და სამივე უამრავი გამოწვევების წინაშე მდგომნი. მათ ერთი რამ აერთიანებთ – ღმერთი და პროფესორი აზური.
სხვათაშორის, რომანის კითხვისას ამ საინტერესო ოთხკუთხედმა გამახსენა ჯონ ფაულზის ,,აბანოზის კოშკი” და მისი პერსონაჟები: სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ პროფესორთან და ეძებენ საკუთარ გზებს…
რომანში თხრობა ორ სხვადასხვა დროში მიმდინარეობს.. პერის ბავშვობა–სტუდენტობა და თანამედროვეობაში მიმდინარე მოვლენები უკვე ზრდასრულ ასაკში.
იმისთვის, რომ შეიგრძნოთ თითოეული პერსონაჟის განსაცდელი, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და თქვენც გახდეთ ბევრი საინტერესო მოვლენის მომსწრენი. ამის შემდეგ, შეუძლებელია შაფაქი არ შეგიყვარდეთ და მის შემოქმედებაში არ გადაიჭრათ. მე ასე დამემართა 🙂

 

ანა ფრანკის დღიური

ერთ დროს, ამ წიგნმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა და ყოველი მკითხველის გულში ავტორმაც დიდი ადგილი დაიკავა.. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც პირველად ანა ფრანკის დღიური წავიკითხე და მაშინდელი ემოცია დიდხანს გამომყვა ცხოვრებაში. ამდენი წლის შემდეგ, ახლახანს ისევ გადავიკითხე და გავიხსენე ამ პატარა გოგოს მძიმე და სახიფათო ცხოვრების შესახებ.
კაცობრიობის ისტორიაში ანა ფრანკის დღიური გადარჩა და იგი მიიჩნიეს როგორც ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი დოკუმენტი მაშინდელი ფაშისტური რეჟიმის გამოვლენისა. ანა ფრანკმა და მისმა ოჯახმა უამრავი წინააღმდეგობა გამოიარა, მაგრამ ცოტანი თუ გადარჩნენ ცოცხლები..
Anne-Frank
ფრანკების ებრაული ოჯახი, გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარების გამო, ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად და ამსტერდამში დაიდო ბინა. მაგრამ 2 წლიანი სულის შემხუთავი, კონსპირაციული ცხოვრების შემდეგ, რომელშიც იძულებით შეყრილი ადამიანების ჯგუფი ბნელი კედლების მიღმა ცხოვრობდა შიშსა და შფოთვაში, სადაც მათ ქურდულად უწევდათ გარე სამყაროში თვალის დევნება, სადაც ყოველგვარ მოკლებულ ალერსსა და სითბოს გარეშე იზრდებოდნენ ბავშვები, ფაშისტურმა რეჟიმმა ისინი მაინც აღმოაჩინა და საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა. ისტორიული ცნობების მიხედვით, ანა, ანას დედა, მისი და მარგო და თავშესაფრის რამდენიმე წევრი შიმშილით დაიღუპნენ, გადარჩა მხოლოდ ანას მამა ოტო ფრანკი. სწორედ მან აღმოაჩინა ანას დღიური, რომელიც თავშესაფარში შექმნა და საკუთარი გულის მესაიდუმლე, მეგობარი ,,კიწი” უწოდა. დღიურმა მთელი მსოფლიო აატირა, უამრავ ენაზე გამოიცა და ითარგმნა. ამ დღიურის მიხედვით შექმნეს პიესები და ფილმები.
2158განსაკუთრებით ემოციურია ამ დღიურში გადმოცემული ანას გრძნობები. სულ ვფიქრობდი იმ 13 წლის გოგონაზე, რომელსაც ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ებრალეთა საზიზღარი ხოცვა–ჟლეტით, დევნით და ომით გამოწვეულმა სიღარიბემ, ეს პატარა გოგონა იმ აზრამდე მიიყვანა, რომ შეგუებულიყო არსებულ ვითარებას. ის ერთ–ერთ დღეს წერს: ,,ძვირფასო კიწი! რაც უფრო დიდხანს გრძელდება ჩვენი აქ ყოფნა, მით უარესად ვეგუებით ერთმანეთს. სუფრასთან ვერავინ ბედავს ხმის ამოღებას, რადგანაც, რაც უნდა თქვა, მაინც ცუდად ჩამოგართმევენ ან უკუღმა გაიგებენ. დეპრესია დამეწყო. ვალერიანის წვეთებს ვსვამ, მაგრამ არაფერს მშველის და დღითიდღე სულ უფრო ცუდ გუნებაზე ვდგები. ათი პატარა თეთრი აბის გადაყლაპვას ერთხელ ხმამაღლა, თავისუფლად გაცინება აჯობებდა, მაგრამ აქ სიცილს თითქმის გადავეჩვიეთ. ზოგჯერ იმისიც კი მეშინია, სანამ ეს მძიმე დრო გაივლის, დავმახინჯდები. პირი მოკუმული დამრჩება, სახეზე კი მწუხარების ნაოჭები გამიჩნდება”.
იგი განსაკუთრებული ნიჭის მქონე პიროვნება იყო. ომმა და ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, გარკვეულ სიბრძნემდე მიიყვანა. მეცადინეობდა, შრომობდა, საკუთარ გრძნობებზე წერდა, არარსებულ მეგობარს ამბებს უყვებოდა..და მაინც, მიუხედავად ამდენი ბრძოლისა და ძალისხმევისა, იგი შეეწირა ძალადობას.
თავშესაფარში ყოფნის დროს, იგი წერდა: ,,ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩვენ, რვა ადამიანი, წვიმის ბნელ ღრუბლებს შორის ლურჯი ცის ნათელ ნაგლეჯზე ვართ მოქცეული. ჯერჯერობით მშვიდად ვართ, მაგრამ ღრუბლები სულ უფრო მჭიდროვდება. სულ უფრო მეტად იკვრება წრე, რომელიც აქამდე მოახლოებულ საფრთხეს გვაშორებდა. და ბოლოს, იმდენად დაბნლედა ირგვლივ, რომ სასოწარკვეთილნი უშედეგოდ ვაწყდებით ერთმანეთს..ჩვენ ვხედავთ როგორ ებრძვიან ადამიანები ერთმანეთს დედამიწაზე და ვიხედებით ზეცისკენ, სადაც სიმშვიდე და ბედნიერებაა..”
საინტერესოა ანას სიყვარული მათ თავშესაფარში მცხოვრები დუსელების ოჯახის შვილის პეტერის მიმართ. როგორ ყვება უეცრად გაჩენილი გრძნობების შესახებ, როგორ იზრდებოდა ქალური ვნებები მასში, რა სურდა, რას ელოდა, ყველაზე უფრო ეს ალამაზებდა იმ დროინდელ მის ყოფას. სამწუხაროდ, მათი ურთიერთობა გერმანელმა ფაშისტება დაასრულეს და ეს სიყვარულიც დარჩა დღიურის ფურცლებს.
დღეს, როდესაც უამრავ ლიტერატურულ ან ისტორიულ ფაქტს ვეცნობით, ან ფილმებს უყურებთ, ებრაელთა მიმართ უდიდეს სინანულს განვიცდი. I და II მსოფლიო ომებმა და საერთოდ, იმდროინდელმა ევროპამ მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაღვარა. ებრაელთა ჰოლოკოსტი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სასტიკი პროცესია და სადაც არ უნდა წავიდე, ბევრ ქვეყანაში მათი მემორიალური დაფები და ძეგლებია შექმნილი. ბოლოს, უნგრეთში, კერძოდ ბუდაპეშტში, ებრაელთა სინაგოგაში მივედი და იქ უამრავი ებრაელი ადამიანის მემორიალური დაფა ვიხილე..და მაინც, ანა ფრანკი ძლიერი იყო, რომელიც მოგვიწოდებს მის მიერ დაწერილი ფფურცლებიდან, რომ : ,,იყავიდ მხნედ! საჭიროა შევიგნოთ ჩვენი ამოცანა და დრტვინვას მოვეშვათ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. ღმერთს არასოდეს მიუტოვებია ებრაელები გასაჭირში! მათ ყველა საუკუნეს გაუძლეს და ცოცხალნი დარჩნენ. ყველა საუკუნეში იტანჯებოდნენ, ყველა საუკუნეში მხნედ ეჭირათ თავი. სუსტნი ეცემიან, მაგრამ ძლიერები რჩებიან და არ იღუპებიან!”
AnneFrank1940_crop

შავი ნოემბერი

6F7A76EE-7616-4DFA-AB77-08BB0CDC9C0Bაგვისტოს შემდეგ ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა, ესეც უამრავი საქმიანი მიზეზის გამო, ჯერ სწავლა დაიწყო, მერე შვებულებები დასრულდა და ცხოვრებაც ჩვეულ გიჟმაჟურ რეჟიმში აეწყო. წერისთვისაც კი ვერ გამოვნახე დრო..ეხლა როცა ამ პოსტს ვწერ, გულში გამუდმებულ შეკუმშვებს ვგრძნობ..მძიმე თემით – ჩემს მხიარულ ქალაქში მგლოვიარე ნოემბერით – შემოვდივარ.

როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, ერთ-ერთ ძირითად საგანს – ფონეტიკას – ულამაზესი და უჭკვიანესი, მუდამ მომღიმარი ლექტორი მასწავლიდა..დანახვისთანავე მიცნო, ,,შენ ხომ ქეთინო მასწავლებლის გოგო ხარო” და ძალიან თბილი ღიმილი შემომაგება..მერე დავმეგობრდით, ისე როგორც ლექტორ-სტუდენტს ჩვევია,  კოლეგებიც გავხდით, საერთო საახლობლო გვყავდა ირგვლივ. გულით მიყვარდა. ჩვენი ყოველი შეხვედრა გულწრფელი, შინაურული მოკითხვებით შემოიფარგლებოდა.. ბოლოს, უკურნებელი სენი შეეყარა, დიდხანს იბრძოლა, ყოველი ღონე იხმარა, მაგრამ, როგორც იტყვიან, უფალსაც კარგი უნდა იმქვეყნადო..მან დაგვტოვა და მისი მცინარი სახეც მიიფერფლა ამ ქვეყნად..ჩემს და არა მარტო ჩემს, ძალიან ბევრი ადამიანის გულში იცოცხლებს მარად.. თითქოს ეს არ კმაროდა ამ პატარა ქალქს და რამდენიმე დღეში ბათუმის ერთ-ერთ სასტუმრო ლეოგრანდში დატრიალდა დიდი უბედურება, 11 ახალგაზრდა ვაჟკაცი უმოწყალოდ დაიღუპა. ქალაქს შავი სუდარა გადაეფარა, ყველა მოთქვამდა, ქალაქის ტრაგედიას ცრემლებით, სევდიანი სახეებით იტანდნენ. ერთი დიდი ოჯახის წევრების დანაკლისს ვტიროდით..ყველა ერთმანეთის მეგობარი, ახლობელი და ნათესავი იყო. რამდენი დედა გაშავდა, რამდენმა ქვრივმა და შვილმა უნდა ზიდოს ეს ტვირთი ბოლომდე..განუზომელია ეს ტკივილი ყველასთვის. ისეც მცირერიცხოვან ქვეყანაში, ასეთი სახელოვანი ვაჟკაცების ერთდროულად წასვლა უდიდესი დანაკლისია..თუმცა, ეს ყველაფერი არც ამით დამთავრებულა: ჩემს მეზობლად ახალგაზრდა, სიცოცხლით და ენერგიით სავსე ქალი ცხოვრობდა, რგორც მეზობელს პოზიტიური დამოკიდებულებები გვქონდა ერთმანეთთან. ერთ თითქოს მშვენიერ დილას, მისი მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ შევიტყვე. წარმოუდგენელი მწუხარება გახდა ყველასთვის..

არვიცი რა ვთქვა, ან რა ვიფიქრო, გამოსავალიც რომ არსაიდან ჩანს, მხოლოდ მწუხარებაში ჩაკეტილი ვითარებაა ჩვენს თავს..რატომ? პასუხი უპასუხოდ რჩება, რჩება მხოლოდ ერთი: უმძიმესი ტრაგედია, რომელსაც ვერაფერი ვეღარ შეცვლის..ვიღაც შავ პარასკევს განიხილავდა იმ დღეს სხვაგან, ჩვენ კი შავი დღეები, შავი ნოემბერი გვქონდა,რომელიც ისტორიას სულ ემახსოვრება.

ბოლოს სახლში დანარჩენს მოვუწოდე, რომ ისეც ხანმოკლე ცხოვრებაში მაქსიმალურად გავატაროთ დარჩენილი დღეები ერთად, შეხმატკბილებულად, მშვიდად.. ვინ იცის, როდის ან როგორ დავტოვებთ აქაურობას.. ერთი ზუსტად ვიცი: ყველა წარმავალნი ვართ და იმქვეყნად მარადისობაა. ალბათ.

 

გზაში საკითხავი წიგნები

მე თუ მკითხავთ, ვისაც წიგნების კითხვა და ზოგადად ლიტერატურა უყვარს, გზაში კი არა ყველგან მოძებნის შესაფერის გარემოსაც და ადგილსაც მათ წასაკითხად. ციცერონი ამბობდა: “წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას იძლევა”– ო. ვინც არ კითხულობს, ვერც ამ ყველაფერს იგრძნობს და სიკვდილამდე ერთფეროვნებას მიეცემა. თუმცა ყველა ხომ ასე არ ფიქრობს ან გრძნობს?! მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კითხვა გვაიძულებს ცხოვრებაში სიახლეები ვეძებოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ რაღაც–რაღაცეები. წიგნის კითხვისთვის უამრავი ადგილი არსებობს, მე გზაში კითხვა მიყვარს, განსაკუთრებით მატარებელსა და თვითმფრინავში. ბოლოს ბარსელონა–სტამბოლის სამსაათნახევრიანი ფრენისას ქეთრინ სთოქეთის ,,მოსამსახურე” წავიკითხე, შეიძლება ითქვას ერთი ამოსუნთქვით. მწერლის შესახებ ის ვიცი, რომ ამერიკაში, კერძოდ ჯექსონის შტატში დაიბადა და რომანის სიუჟეტიც ამავე შტატში ვითარდება. ეს წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერი გახდა და უამრავ ენაზეც ითარგმნა. 2011 წელს რომანის ეკრანიზაციაც შემოგვთავაზეს, რომელმაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა. წიგნში მოთხრობილია ფერადკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის ურთიერთობაზე, სეგრეგაციის პერიოდზე და იმაზე თუ რა სირთულეების გავლა უწევდათ ფერადკანიან ხალხს მათთან მუშაობის ან თანაცხოვრების ეტაპებზე. ამ წიგნის კითხვისას ჰარიეტ ბიჩესტოუს ,,ბიძია თომას ქოხი” გამახსენდა, რომელმაც საკმაოდ სევდიანი განწყობა მომგვარა ბავშვობის მერე. წიგნი გვიყვება 60–იანი წლების სოციალურ პრობლემებზე ფერადკანიანებთან მიმართებაში. შესაძლოა, ეს საკითხები ჩვენთვის, როგორც მკითხველისთვის, ახალი არ არის, მაგრამ გულის კუნჭულებს ისე ღრმად ეხება, რომ დასასრულს ცრემლიანი თვალებით ხურავ წიგნს. ყოველ პერსონაჟს თავისებური ფუნქცია აკისრია, თითოეული რაღაცას განიცდის, ფიქრობს, ტკივა. ყველაზე მეტად, ფერადკანიანი მოსამსახურეების განცდები მაღელვებდა და სულ ვფიქრობდი აი ეხლა მოხდება რაღაც ცუდი. გაწონასწორებული, მომთმენი ეიბილინი და ემოციური, შეიძლება ითქვას სკანდალური მინი, იულ მეი და მოხუცი, კეთილი ლოვენია – ეს ის ხალხია, რომლებიც თავჩახრილი, საკუთარი დარდით ავსებულნი უღალატოდ ემსახურებოდნენ თეთრებს. მათ ყველას, სათითაოდ,  საკუთარი ისტორია აქვთ და ყოველი თავის დაწყების წინ შიში მქონდა რამე საშიში არ მომხდარიყო. სულ ვფიქრობდი საკუთარ თავზეც, მე რომ შავკანიანი ვყოფილიყავი, როგორი ვიქნებოდი, რას გავაკეთებდი ან როგორ ვიცხოვრებდი..ეს ხალხი ამ ვეებერთელა პრობლემის გამო ძლიერები და საკუთარ თავში გამომწყვდეულები იყვნენ, არავინ ფიქრობდა რას გრძნობდნენ ყოველი დამცირების და შეურაცხყოფის უკან, მათი ქალბატონების უხეში მოპყრობის შემდეგ საკუთარ ოთახში განმარტოებულნი როგორ ახშობდნენ გულს შემოწოლილი ტკივილს. ერთადერთმა თეთრკანიანმა მის სქითერ ფელანმა შეავსო ყველას ცარიელი გულიდა ხმამაღლა თქვა ის რაც სხვებს ერთად უნდა ეთქვათ.  სქითერი, რომელიც თავის დროზე მისთვის საყვარელმა გამზრდელმა ფერადკანიანმა ქონსთანთაინმა გაზარდა და გულში დიდი სიყვარული დაუტოვა. მან მის გამო წიგნის დაწერა გადაწყვიტა და ამით ამხილა მთელი იმ დროინდელი საზოგადოების მანკიერი დამოკიდებულებები ზანგების მიმართ. მიუხედავად,  არაკეთილსინდისიერი მეგობრების ზურგშექცევისა, მის სქითერი ყველას წინააღმდეგ წავიდა, არ შეუშინდა დაბრკოლებებს და ეიბილინის დახმარებით წიგნი დაწერა სახელწოდებით ,,მოსამსახურე”. წიგნმა მალევე არია ყველაფერი.
ყოველი ფურცლის გადაშლისას სიმძიმეს ვგრძნობდი, მაგრამ მიამიტურად იმედს არ ვკარგავდი, რომ დასასრული ბედნიერი იქნებოდა, რომ უცებ მოხდებოდა სამყაროს ტრანსფორმაცია და თითოეული პერსონაჟი თანაბარ იერარქიულ საფეხურზე დადგებოდა. მოკლედ, სთოქეთმა ჩემი გული დაიპყრო და ვფიქრობ, ბევრი ჩემნაირი მკითხველი ღრმადაც დააფიქრა. ასეთივე ვიყავი ,,ბიძია თომას ქოხის” წაკითხვის მერეც..ოირვე ქალი მწერალია და შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ამ წიგნების გამო.
file_0850229wpid-img_20131130_120801

ანგლო–ამერიკული ლიტერატურა

უკვე მეორე წელია, რაც მე–19 და მე–20 საუკუნეების ანგლო–ამერიკულ ლიტერატურაში სასემინარო ჯგუფები მყავს ჩვენი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მინდა გითხრათ, რომ ერთი დიდი სიამოვნებაა სტუდენტების მიერ წაკითხული სხვადასხვა ნაწარმოებების განხილვის მოსმენა. ზოგადად, ამ კურსის მიზანი ის გახლავთ, რომ სტუდენტებმა უნდა შეისწავლონ ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის წამყვანი მიმდინარეობები, მათი წარმომადგენლები, კერძოდ, ცვლილებები რეალისტურ მიმდინარეობაში, საკვანძო მომენტები პოსტმოდერნიზმში და ავანგარდიზმში, II მსოფლიოს ომის გავლენა, გაუცხოება, სულიერი კრიზისი და ა.შ. სტუდენტებმა მთელი მეორე სემესტრის მანძილზე მშვენივრად შეძლეს ამ მასალის დამუშავება და განხილვა–გაანალიზება კრიტიკულ დონეზე. ჩვენ ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ კვირაში 1 საათი გვქონდა და ეს მცირე დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამართულად და არგუმენტირებულად გვემსჯელა ნებისმიერი მწერლის შემოქმედების ირგვლივ. შედეგად, ჩვენ ლოგიკური დასკვნები გამოგვქონდა უკვე მიღებული ცოდნის საფუძველზე.
ალბათ დაგაინტერესებთ რა გავიარეთ და ვინ შევაფასეთ. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე–20 საუკუნის მეორე ნახევრის მწერლები ღრმად საინტერესო შემოქმედებით წარდგნენ ჩვენს წინაშე. მაშ ასე, ჯგუფურ მუშაობაში ჩართული იყვნენ შემდეგი მწერლები:
1. გრემ გრინის შემოქმედება ,,წყნარი ამერიკელი”
2. ჯონ ფაულზის შემოქმედება, სადაც ძირითადი კონცენტრაცია პიროვნების და ხელოვნების ურთიერთდამოკიდებულებაზე იყო. მისი შემოქმედებიდან აღებული გვაქვს ქართველო მკითხველისთვის ნაკლებად ცნობადი მოთხრობა ,,აბანოზის კოშკი”. გირჩევთ მის წაკითხვას 🙂
3.უილიამ გოლდინგი და მისი ,,საგანგებო ელჩი”.
4. ჯორჯ ორუელი და პოლიტიკური რომანი. მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებს წარმოეჩინათ საზოგადოების სამართლებრივი და სოციალური მოწყობის პრობლემა. ამისთვის სავალდებულო საკითხავი გახლდათ ,,ცხოველების ფერმა” და ,,1984″. სხვაგვარად გვერდს ვერ ავუვლიდით მათ.
5. ენტონი ბერჯესი შემოქმედება, მასშ ასახული ძალადობა, სკეპსისი. დისტოპიური რომანი. ,,მექანიკური ფორთოხალი”, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებში და არაერთგვაროვანი ემოციაც გამოიწვია.
6. ჯონ სტაინბეკი და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი: ,,ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” და ,,დიდი გეტსბი”. ამ უკანასკნელმა დიდი პოლემიკა გამოიწვია 🙂 ზოგი მოიხიბლა გეტსბით, ზოგმა გააკრიტიკა, ზოგმაც კიდევ გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა.
7. თორნთონ უაილდერის პროზა და დრამატურგია, ,,ჩვენი პატარა ქალაქი”.
8. ბიტნიკების თაობა, საზოგადოების ტრადიციული ნორმებიდან განდგომა და იმედგაცრუების შეგრძნება – ესენია ამ თაობის ძირითადი პრობლემები, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ერთ–ერთი სულის ჩამდგმელი ალან გინზბერგია. ჩვენ წავიკითხეთ მისი ,,ყმუილი”, რომელიც ერთგვარი გამოძახილია იმისა, რომ დროა საზოგადოება გამოფხიზლდეს. სხვათაშორის, ალან გინზბერგი განსხვავებული ორიენტაციის მქონე მწერალია, რომელიც ცდილობდა დაეცვა იგივე ხალხი. ძალიან ბევრი ვიკამათეთ ,,ყმუილი”–ს იგვლივ, სტუდენტები გაცხარდნენ, სიბრაზესაც კი ვერ მალავდნენ 🙂
მოკლედ, ბატონმა გინზბერგმა მოახერხა სკანდალის გამოწვევა 🙂
9. ჯერომ სელინჯერი და ჯონ აპდაიკი. სელინჯერის შემოქმედება საკმაოდ მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მოუწიათ მისი შემოქმედების ნაწილობრივ გაცნობა, როგორიცაა ,,ჭერი ასწიეთ დურგლებო”, ,,ფრენი და ზუი” და ,,ბანანათევზის ამინდი”. აპდაიკთან შემოვიტანეთ ბაჭიას ციკლის რომანები “Tomorrow and tomorrow”..
10. არტურ მილერი და ამერიკული დრამატურგია. ,,ამერიკული ოცნების” მსხვრევა და სოციალური უსამართლობის თემა, რისი ნათელი მაგალითია ,,კომივოიაჟორის სიკვდილი”.
11. ტენესი უილიამსის მარტოსული გმირი, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი, მითოლოგიის და ალუზიის როლი მის პიესებში. ამ მხრივ განსაკუთრებულია ,,შუშის სამხეცე”.
ეს არის ის ჩამონათვალი, რაზეც სემესტრის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და გამორჩეული მწერლების რიცხვია, რომლებიც არამარტო სტუდენტებმა სავალდებულო კუთხით, არამედ ქართველმა მკითხველმა უნდა წაიკითხოს. თუმცა, ამ ჩამონათვალში ბევრია ისინი, ვინც ქართულად მრავალჯერ ითარგმნა და ისეთებიც, რომელთა თარგმანი ჯერ არ გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას სიამოვნებით კითხულობს ხოლმე ჩვენი საზოგადოება.
სემესტრის ბოლოს სტუდენტებმა მათთვის სასურველ თემებზე რეფერატები წარმოადგინეს და შეფასებებიც მიიღეს. სხვათაშორის, ეს ის თაობაა, რომლებსაც კითხვა ძალიან უყვართ და ეს ერთი ჩემი უსაყვარლესი პედაგოგის თამარ სირაძის დიდი დამსახურებაა. უკვე მრავალი წელია, ის თაობებს ზრდის და სიყვარულს უნერგავს ლიტერატურის, ზოგადად კითხვის მიმართ. შეუძლებელია, არსებობდეს ისეთი სტუდენტი, ვინც არ კითხულობს ან ვინც არ ესწრება თამარის ლექციებს. მან ძალიან დიდ საქმეს უანგაროდ ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დღემდე სიყვარულით სრულდება..
კითხვაზე ლევან ბერძენიშვილი მახსენდება ხოლმე და თუ რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები, აუცილებლად წაიკითხეთ მისი ,,წიგნიერების ევოლუცია”..

ივნისის თვე

tyis_marwyvi_533333037621111157-msvoywce3mbr62j7vczg627y7w92sfn93i7xaop4ngივნისი მიყვარს 🙂 ბევრი სასიამოვნო მიზეზის გამო: ჯერ ერთი ზაფხულის პირველი თვეა, მეორეც – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღით იწყება და მესამეც: –  ჩემი მეორე შვილიკოს დაბადების თვეა 🙂 ჩემს ცხოვრებაში ამ თვეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბოლო რამდენიმე წელია, რადგან ყრმობაში მისდამი სიყვარულს უფრო არდადეგების დაწყების გამო მივაწერ. გაზაფხულის ყვავილებით გაჟღენთილი სურნელოვანი დღეები მოაქვს ივნისს, თან თბილა და თან საღამოობით სუსტი სუსხი დაგვკრავს სხეულში, მაისის მარწყვი გემო დაკარგვას იწყებს, მაგრამ მაინც ასწრებ პირის დაგემრიელებას..ჩვენი სოფლის, აჭარული მარწყვის მოსვლას აპრილის ბოლოდან ველოდებით ხოლმე მოუთმენლად და ყოველი კვირის ბოლოს ქორფა–ქორფა, წითელ ხასხასა მარწყვებს თვალებდაცეცილი მივირთმევთ 🙂 სხვათაშორის, მარწყვს უამრავი დადებითი თვისება გააჩნია, მასში ბევრია მიკროელემენტი, ვიტამინი და სხვა სასარგებლო სამკურნალო საშუალებებადაა მიჩნეული ასევე. c4620799cbf599b064e39f1227f000b0
ჰო, რისი თქმა მინდოდა, თემას რომ არ გადავუხვიო, ყვავილები ძალიან მიყვარს. ყველანაირი – მინდვრის, ოთახის..განსაკუთრებით გაზაფხულის და ყოველთვის ვცდილობ, რომ ოთახში მათი სურნელი ტრიალებდეს. რაღაცნაირ ფერთა პალიტრას აყალიბებს სახლში და თითქოს პოზიტიურ აურას ქმნის საერთო ჯამში. შესაბამისად, ჩემს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმაც იციან ჩემი ყვავილებისადმი სიყვარული და ხშირადაც მჩუქნიან..მახსოვს, როცა მეუღლის მამა ცოცხალი იყო, სოფლიდან ათასგვარი ფერად–ფერადი მინდვრის ყვავილების თაიგული ჩამოჰქონდა..მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვქონდა ერთმანეთთან ურთიერთობის და ერთმანეთის უკეთ გაცნობის, მან მოახერხა სუულ პატარა სიხარულის მონიჭება მაშინ..დღეს ის ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ მისი გარდაცვალებიდან დღემდე, უკვე 8 წელი ტრადიციად ვაქციე მის საფლავზე ყვავილების მიტანა – ნიშნად მამაშვილური პატივისცემის და სიყვარულისა.. წელსაც, 13 ივნისს, მისი საფლავი წითელმა ვარდებმა შეამკეს და მომავალშიც მის გულზე ყოველთვის დაესვენება ბევრი ფერადი ყვავილი ❤
rr2314_072
წლების შემდეგ, ამ მწუხარებას სხვა სასიხარულო თუ უსიამოვნო ამბებიც მოყვა; როგორც ხდება ხოლმე, ხან ცუდი ხდება, ხანაც კარგი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ცხოვრება გრძელდება, ახალი სიცოცხლე იბადება, ტკივილს განკურნება მოყვება, იარას – გამთელება. ივნისში ჩემი გოგო, პატარა ანცი ნიტა დაიბადა. ივნისზე ბევრი, დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო, იმდენ განცდას უკავშირდება, შეუძლებელია ეს სიტყვებით ავხსნა, გადმოვცე ის ისე, როგორიც იყო, მაგრამ მაინც ჩემთვის დავიტოვებ, ასეა საჭირო 🙂 ივნისში მოეღო ბოლო ყველა ჩემს ბედუკუღმართობას, განსაცდელს და ფორტუნასგან მიტოვებულ დღეებს. ამიტომ, ყოველ წელიწადს, ივნისის მოახლოებისას ერთდროულად უამრავი მოგონების ქარცეცხლში ვარ და რაღაცნაირი ემოციური ტალღა მიტევს.. 2 ივნისი ჩვენი ქორწინების თარიღიცაა; 10 წელი დავამრგვალეთ და შედეგად მივიღეთ, ის რაც უკვე გვაქვს. 2007 წლიდან დღემდე, ჩვენ ჩვენი საკუთარი ისტორია შევქმენით თავისი განსაკუთრებული თარიღებით, მოვლენებით და ამბებით. ასე მოვდივართ დღემდე.. სენსიტიური თემაა, ბევრს ვერ შეეხები. შენში იტოვებ იმას რაც ჭეშმარიტად შენია, წარმატებასაც და წარუმატებლობას, ფიასკოს მიღწევას, კრახის განცდას, მარტოობას, ზურგშექცევას, მოკლედ, ყველაფერ კარგს და ცუდს. ცხოვრებაში მთავარია ერთმანეთის სიყვარული, თანადგომა, მხარდაჭერა და მეტის მიღების სურვილი. რავიცი, რა გითხრათ აბა სხვა?! 🙂